14 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
დონალდ ტრამპი თავდამსხმელის ტყვიას ისევ გადაურჩა - პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის მცდელობის ახალი დეტალები

გამოძიების ფედერალური ბიურო და საიდუმლო სამსახური მუშაობენ ყველა დეტალის დასადგენად შემთხვევაზე, რომელიც დონალდ ტრამპის სიცოცხლის მოსპობის უკვე მეორე მცდელობას უკავშირდება. პრეზიდენტობის კანდიდატი უვნებელია. გამოძიებას ამოღებული აქვს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და დაკავებული ჰყავს ერთი პირი - ჰავის შტატში მცხოვრები, 58 წლის რაიან უესლი რუთი.

პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის მცდელობას, ფლორიდის ქალაქ უესტ პალმ ბიჩში, ტრამპის გოლფის კლუბთან ჰქონდა ადგილი. სწორედ იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა, საიდუმლო სამსახურმა ბუჩქებში დამალული შეიარაღებული თავდამსხმელი შენიშნა. აგენტებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. თვითმხილველმა ძალოვნებს მისი გარეგნობა აღუწერა და მიუთითა, რომ ის ნისანის მარკის შავი ავტომანქანით მიიმალა. პოლიციამ გზების პატრულირება დაიწყო და სავარაუდო თავდამსხმელი პალმ ბიჩის მოსაზღვრე მარტინის საგრაფოს ავტობანზე დააკავა.

რაიან რუთი ტრამპის მწვავე კრიტიკოსი და უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. მისი ანგარიში სოციალურ ქსელ X-ზე ახლა შეჩერებულია, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ასლების მიხედვით, რომელთა ავთენტურობა დაუდასტურებელია, ის შეიცავდა არაერთ ფოტოს და პოსტს, რომელშიც კიევის მხარდაჭერას გამოხატავდა. 2022 წელს წერდა, რომ უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყნის მხარდამჭერი უცხოელებისთვის კარვების ქალაქის გაკეთების იდეას სთავაზობდა. ასევე, ითხოვდა ამერიკელ სამხედროებს, უკრაინისთვის, სამოქალაქო პირების სტატუსით ებრძოლათ. 

საიდუმლო სამსახურის ყოფილმა აგენტმა თქვა, რომ, განსხვავებით პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმისგან, რომელიც, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ჩავარდნა იყო, ფლორიდაში თავდაცვამ იმუშავა.

ბაიდენმა თქვა, რომ უზრუნველყოფს, ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად, საიდუმლო სამსახურს ყველა რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდეს.

2024 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დონალდ ტრამპის სიცოცხლის მოსპობის ეს უკვე მეორე მცდელობაა. 13 ივლისს, პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის დროს, ყოფილი პრეზიდენტი, სახის არეში, მსუბუქად დაიჭრა და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. გამოძიების ფედერალური აგენტები ვარაუდობენ, რომ ფლორიდის სასამართლო, მართლმსაჯულების პროცედურების დაწყებამდე, რაიან რუთის მენტალური მდგომარეობის შეფასებას მოითხოვს. ამის საფუძველს იძლევა რუთის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსები, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების შესახებ.

დღის ამბები