უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი უვადო მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასთან ერთად მსჯელობენ. გავლენიანი სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან. სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხის გარდა, საუბრის თემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლაა.
"ცალსახად ვაყენებთ პირობას, რომ ამ ტიპის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას აზრი არ გააჩნია, სადაც თავმოყრილი არის სრულად სასამართლო კლანი, ვინაც მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი პროცედურების გარეშე ათი ადამიანის ნომინირების შესახებ და ის ადამიანები პარლამენტიდან, რომელიც არიან მათი მოკავშირეები, რომლებიც ცდილობდნენ სწორედ ამ პროცედურების გარეშე ამ კანდიდატების დამტკიცებას,"-ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძულის განცხადებით, უმთავრესი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის შეცვლაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძული ფიქრობს, რომ მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმების მიღებას აზრი არ ექნება.
„პირველი მოთხოვნა ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებას, რაც არის დამოუკიდებელი მოთხოვნა სამუშაო ჯგუფისგან. ამ საბჭოს პირობებში არანაირ კრიტერიუმებს და პროცედურას არ აქვს მნიშვნელობა და ეს დაამტკიცა ამ ხალხმა საკუთარი ქმედებით - ლევან მურუსიძის დანიშვნა, რაც იყო სამაგალითო დასჯა საზოგადოების“-განაცხადა სოფო ვერძულმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართლეების დანიშვნისა და ნომინირების წესთან დაკავშირებით შეთავაზება პარლამენტს უკვე მიაწოდეს. თუმცა საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, არსებული საბჭოს პირობებში ყველა კრიტერიუმი რაც არ უნდა დაწესდეს განწირულია.
„მანამ, სანამ საბჭოს ის შემადგენლობა არსებობს, რომელიც დღეს არის უმრავლესობით წარმოდგენილი საბჭოში, ჩვენ ვერ ვხედავთ რესურს, რომ მათთან ერთად მსჯელობა შედგეს,“-ამბობს სალაძე.