იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითხოვს ოპოზიციაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფიქრობს,რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის ბრძოლა სწორედ იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლით უნდა დაიწყოს.
„მთავარი ჩვენთვის არის, რომ ეს ჯგუფი არ იყოს დროის გაწელვისა და საბოლოოდ ხელისუფლების მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი და ეს არის იყოს ამ პრობლემის გადაგორების მექანიზმი.
ჩვენთვის მთავარია დავინახოთ, რომ ამ ჯგუფში შესაძლებელია, რეალური ცვლილებების ხელისუფლებისთვის შეთავაზება პარლამენტისადმი და ჩვენ უნდა დავინახოთ განწყობა, რომ პარლამენტი მზად არის საკანონმდებლო ცვლილებებისთვის,“-აცხადებს გოცირიძე.
ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თითქმის ყველა საკვანძო საკითხზე თანხმდებიან, პირველი რიგის საკითხი კი მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაა. კახიძის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრები სრულიად დისკრედიტირებულები არიან. კახიძე ასევე ითხოვს სამუშაო ჯგუფის ფორმატში ცვლილებები შევიდეს.
„სამუშაო ჯგუფი, რომელიც არის შექმნილი, ამ ჯგუფის ფორმატთან დაკავშირებით სრულიად ვთანხმდებით პრეტენზიებზე და მე ვაპირებ ამ საკითხების დაყენებას სამუშაო ჯგუფზე 27 იანვარს და პირდაპირ უნდა მოვითხოვო ამ ჯგუფის ფორმატის ცვლილება,“-აცხადებს კახიძე.