თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მამუკა კობახიძის გადადგომას მოითხოვს. აღნიშნული საკითხი ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დააყენა.
ხაბეიშვილის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კობახიძე ორ თანამდებობას იკავებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, დაუშვებელია, რომ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ასევე იყოს „ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორი.
ხაბეიშვილის თქმით, „ყაზტრანსგაზში“ საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რასაც კობახიძე ამ ეტაპზე ვერ უმკლავდება. დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა დატოვოს კობახიძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა.
„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენ, რომ დავაყენოთ საკითხი, არ ვიცი საკრებულოს უმრავლესობას, რა პოზიცია გექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, მერე გაგვცემთ პასუხს, ვფიქრობთ, რომ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა მამუკა კობახიძემ ეს თანამდებობა უნდა დატოვოს. როგორც საბოლოო ჯამში გაირკვა და აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ „ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორია, ყოველ შემთხვევაში საჯარო რეესტრში ასე ჩანს და ჩვენ სხვა საბუთებით და დოკუმენტაციით ვერც ვხელმძღვანელობთ, რაც საჯაროა, ამ ამონაწერებში პარალელურად არის გენერალური დირექტორი და ასევე, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ვერც ერთ თანამდებობას, ფაქტობრივად, ვერ უძღვება. „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით ვერსად ვერ დავაყენებ ამ საკითხს, თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას, სიტყვაზე, ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ დატოვოს თანამდებობა და მიხედოს ერთ კონკრეტულ საქმეს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სხდომაზე ხაბეიშვილის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე ნოემბერში დაინიშნა. მას „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს. მამუკა კობახიძე კომპანიის სპეციალური მმართველი იყო.