19 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია - დიმიტრი ხუნდაძე

„პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ გააკეთა.

ხუნდაძის თქმით, მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ამ დრომდე მმართველ გუნდში ღია დაპირისპირება მიმდინარეობდა, პრინციპული შეთანხმება მიღწეულია.

დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელიც მეორე დღეა, უკვე მიმდინარეობს და რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება, ამ წუთებში ტექნიკურ საკითხებზე მიდის მსჯელობა.

„შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია. ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიდის შეთანხმებები, როგორც იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“, თუნდაც რთული საკითხებიდან ჰპოვებს ყოველთვის გამოსავალს. ეს გამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესთან თანხვედრაში, ისე, რომ ის პროცესი, რაც ეხება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, სასამართლოს და მის შერჩევის კრიტერიუმს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება გამჭვირვალე, აქ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალურად საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე. პროცესი იქნება გამჭვირვალე და პროცესი იქნება შედეგზე ორიენტირებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც განხილვის ძირითად თემას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით დაუპირისპირდნენ მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს. 

დაპირისპირების გამო, ე.წ. ურჩი დეპუტატების გუნდიდან გარიცხვასაც განიხილავდნენ. თუმცა, ორდღიანი განხილვის შემდეგ, დეპუტატები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

დღის ამბები