პოლიტიკური ბრძოლა ქართულ ოცნებაში - დროებითი ზავით დასრულდა. ორდღიანი გარჩევების შემდეგ უმრავლესობის წევრების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა, გაგრძელება იქნება.
ხვალ მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს, უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშე, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვდებიან, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზების განხილვა სწორედ სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, სადაც დეპუტატები მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე და სიის დამტკიცების პროცედურაზე უნდა შეთანხმდნენ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი, ამბობს, რომ პირველ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფი პროცედურებზე მსჯელობას დაიწყებს.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე შეეცდება, რომ დაახლოვდეს განსხვავებული პოზიციები.
„არსებობს რამდენიმე დეტალი, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება. საბოლოო მიზანი არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და სასამართლოს დამოუკიდებელი ერთ-ერთი უმაღლესი სიკეთიდან,“ - ამბობს მდინარაძე.