19 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
გორის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს და ხოჯევანიშვილის გუნდის წევრით ჩაანაცვლეს

გორის მერის მოადგილე, გელა კაპანაძე, თანამდებობიდან გადააყენეს. მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, კაპანაძის თანამდებობა გორის მუნიციპალიტეტში გაუხარჯავ 2 მილიონს შეეწირა, რომელიც ინფრასტრუქტული პროექტებისთვის უნდა დახარჯულიყო.

გელა კაპანაძის ადგილი ერასტი ერიჯანაშვილმა დაიკავა. ის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაქვემდებარებაში მუშაობდა და მისი გუნდის წევრად სახელდება. შესაბამისად, პოლიტიკოსები გახარიას კლანის გაძლიერებაზე საუბრობენ.

„ბატონი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არის გამოცდილი მენეჯერი, საკმაოდ კვალიფიციური კადრი. მასთან მე ვმუშაობდი, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, შევიძინე დიდი გამოცდილება და სწორედ აღნიშნულ გამოცდილებას მოვახმარ ჩემს საქმიანობას. ბატონმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შემომთავაზა აღნიშნული თანამდებობა და შესაბამისად, მე დავთანხმდი დიდი სიხარულით,“ - ამბობს მერის მოადგილე, ერასტი ერიჯანაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილის შეცვლის მიზეზად თავად გელა კაპანაძის მიერ სამსახურიდან წასვლის განცხადებას ასახელებს. მისი თქმით, მერის მოადგილის თანამდებობა ერასტი ერიჯანაშვილს თავად შეთავაზა.

„რამდენიმე დღის უკან დაწერა ყოფილმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და დღეს მე უკვე ახალი მოადგილე მყავს, ეს არის ერასტი, რომელიც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, ის არის ახალგაზრდა კადრი, გორელი კადრია, ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა კადრებს, რომ დავაბრუნოთ თბილისში წასული და სხვა ქალაქებში. მას აქვს ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები და სწორედ ამ თვისებების შედეგად მე შევთავაზე, მან მიიღო ჩემი შეთავაზება და დაიწყო მან მუშაობა ჩემს მოადგილედ. გუბერნატორი არ მინიშნავს და არ ნიშნავს ჩემი სამსახურის თანამშრომლებს იმიტომ, რომ გუბერნატორი ასეთ საქმეებში არ ერევა. ეს არის ჩემი პირდაპირი პრეროგატივა, რომ დავნიშნო მოადგილეები და არ დავნიშნო მობილობის ან კონკურსის წესით, პირდაპირ შემიძლია მე დავნიშნო, ამიტომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის დანიშვნა თავად მერის პრეროგატივაა.

„მერის მოადგილის ცვლილების სრული კომპეტენცია მიეკუთვნება ქალაქის მერს, შესაბამისად, ეს ცვლილება განახორციელა მერმა და მე ამ ცვლილების შესახებ შევიტყვე, რა თქმა უნდა. ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, გორელი ადამიანი, რომელმაც გორის საჭიროებები იცის და იმედი მაქვს, რომ ენერგიულად და წარმატებულად გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს,“ - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები