19 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას ირაკლი ხმალაძე ეხმაურება

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებულ თეიმურაზ ჩოჩუას საქმეს დედაქალაქის მერის მოადგილე გამოეხმაურა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ნებისმიერი კანონდარღვევა, მითუმეტეს, კორუფციაში ჩართულობა, უმკაცრესად დაისჯება.

მერის მოადგილე მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ძალიან ცუდია, რომ ყველამ კიდევ ვერ გაიგო, რომ არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც არ შეიძლება. უფრო მეტიც, არ შეიძლება კი არა, ჩვენ არ დავუშვებთ ამას, ეს ერთი. თუ გავიხსენებთ იანვარში, ამ წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა ამაზე განცხადება და გაფრთხილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომ ყოფილიყვნენ ფრთხილად და ვინც ეს განცხადება გაატარა ასე მარტივად და მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, რა თქმა უნდა, მიეცემა შესაბამისი პასუხი. მინდა, რომ ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუშაობს მუნიციპალიტეტში, მიიღოს გაფრთხილება, ვისაც კი ასეთი რამ თავში გაუფიქრებია, მოგყვებით ბოლომდე და აუცილებლად დაადგებიან იმავე გზას, როგორც გზასაც ადგანან კორუფციაში ჩართული ადამიანები,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

დღის ამბები