„მოვა დრო და მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება,"- ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა საკითხს.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები არსებობს, რის გამოც აუცილებელია, სისტემა ძირეულად განახლდეს. მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ხალხი წყვეტს.
"რასაკვირველია, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამ ხელისუფლების პირობებში. ხალხი წყვეტს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის ნება იქნება ისეთი და მოვლენ ისეთი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში, რომლებიც პასუხს აგებინებენ ამ ადამიანებს ყველა იმ უკანონობისათვის, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან,“- აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.