საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილი სასამართლო სისტემაში „ახალი სისხლის“ საჭიროებაზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, აუცილებელია, სისტემა გაიხსნას.
„ვისურვებდი, პირველ რიგში, რომ სისტემა გაიხსნას. ვგულისხმობ იმას, რომ სისტემას სჭირდება ახალი სისხლი, პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა,“-ამბობს ნარჩემაშვილი.
მისი თქმით, ერთ მოსამართლეს ასობით საქმე აწერია, ასეთ პირობებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე საუბარიც კი შეუძლებელია.
ამ ეტაპზე სხვადასხვა სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 40-ზე მეტი კანდიდატი განიხილება. უმაღლესი საბჭოს წევრები გასაუბრებას დღეს მხოლოდ 4-თან გამართავენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც უვადო მოსამართლეობა სურს, გასაუბრებას დღეს გაივლის.