ეკა ბესელიას სკანდალურ განცხადებას, სადაც მან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში თანაგუნდელების ნაწილი დაადანაშაულა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ეხმაურება.
მარიამ ჯაში თანაგუნდელებს მოუწოდებს, კრიტიკული საკითხები პირველ რიგში გუნდში განიხილონ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საჯარო პირი დაცული უნდა იყოს მსგავსი შემთხვევებისგან.
„თითოეულ ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ ყველა კრიტიკული საკითხი ჩვენს შიდა განხილვების ფორმატში დავტოვოთ. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე, რომელ გუნდსაც არ უნდა ეკუთვნოდეს, უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებით,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ეკა ბესელიამ გუშინ ორი განცხადება გაავრცელა. მან პირველ წერილში საგამოძიებო უწყებების პირველ პირებს აღნიშნული შემთხვევის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
მეორე განცხადებაში კი დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „ქართული ოცნების“ მასთან დაპირისპირებული წევრების ინტერესში შედიოდა.