26 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
ძარცვისა და ქურდობის გახშირებული ფაქტები ხონში - ადგილობრივები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ 

უკიდურესად რთული კრიმინოგენული ვითარება იმერეთში - ხონის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას, რაიონში ძარცვის გახშირებულ ფაქტებზე ყურადღების მიქცევას სთხოვს. ადამიანთა ჯგუფი ღამის საათებში სხვის სახლებში შედის და ფულთან ერთად, ძვირფას ნივთებსა თუ ტექნიკას იპარავს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლებამ ხალხის ხმა იქამდე ვერ გაიგო, ვიდრე დამნაშავეთა ჯგუფი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ შენობებსაც არ მიადგა.

ხონის საკრებულოში უცნობი პირები ღამის საათებში შევიდნენ. მათ იურიდიული განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახის კარი გატეხეს და პერსონალური კომპიუტერი წაიღეს. შენობაში კამერები არ არის, ამიტომ გამოძიებას უჭირს დამნაშავეების კვალზე გავიდეს.

ხონის რაიონში მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიცია ხშირად კრიმინალურ შემთხვევებზე არ რეაგირებს და დანაშაულის ზრდაც ამის დამსახურებაა. ადგილობრივების თქმით, მხოლოდ მათ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევებით მარტივი მისახვედრია, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშოა.

მხოლოდ ერთი რაიონის, რამდენიმე სოფლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ათობით ოჯახი ელოდება. ყველა მათგანმა მარტო ის იცის, რომ დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არ იციან მათი ვინაობა, ვინც ყოველდღიურად ოჯახებიდან საარსებო მინიმუმს იპარავს.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები