ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა პირველ რიგში "ყაზტრანსგაზშია," ხოლო მერია პრევენციულ ზომებზე არ ზრუნავს.
„კომპანია ხელს იქით გაიშვერს, მერია წარსულზე გაიშვერს და ხალხი კვდება, მაგრამ გაზის კომპანია საბჭოთა კანტორას დაემსგავსა. უპატრონობა შობს ყველაფერს მერე, უპატრონობაა ქვეყანაში, უპატრონობაა, როცა გავიგეთ, რომ ტრანსპორტისა და გაზის კომპანიას ერთი ადამიანი მართავდა. მერიას შეუძლია პრევენცია, დეტექტორები არსებობს სულ 300 ათასი აბონენტი ჰყავს თბილისს, ავდგეთ ვიყიდოთ, სადამდე ვიყოთ ასე? -ვსდიოთ სიკვდილს, რომელიც ცელით დადის ქალაქში. ის, რომ კუსტარული გამათბობლები აქვთ დამონტაჟებული ნახევარზე მეტს სახლში ეს პრობლემაა,ავდგეთ და დეტექტორები დავუმონტაჟოთ,“-ამბობს გიგი უგულავა.
საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება და გაზის კომპანია მუდმივად გადაბრალების რეჟიმში არიან, ამას კი ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
„კახი კალაძეს ნაცვლად იმისა, რომ სხვისკენ იშვერდეს ხელს, კარგი იქნება, რომ პრევენციულ ზომებზე მუშაობას იწყებდეს, იმის ნაცვლად, რომ სხვას დააბრალოს. ამ ქალაქში რამდენიმე დღეში, რამდენიმე მძიმე ტრაგედია მოხდა, განა რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებამ ყურები გამოიბერტყოს,“-ამბობს ხაბეიშვილი.
ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მათი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვა გახდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედრები ექსპერტიზაზე რამდენიმე წუთში უნდა გადაასვენონ.