სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სხვადსხვა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელები ეხმაურებიან და მას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებენ.
2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, ელჩების შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია თუ რამდენად დროულად შეასრულებს რუსეთი ვალდებულებას.
„ბუნებრივია, გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მომავალშიც დავაკვირდებით პროცესებს, ასევე ვერდიქტის შესრულებას. ახლა ევროსაბჭომ უნდა შეუწყოს ხელი არსებული პრობლემების გადაწყვეტას და პროცესის წინსვლას. ჩვენ მოვლენებს დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს,”- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.