შესაძლოა, სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებსაც გაუუქმდეთ - გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
განათლების მინისტრის თქმით, საჯარო სკოლების წარმომადგენლებსა და განათლების სფეროს სპეციალისტებთან მსჯელობა მიმდინარეობს. მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, გამოცდების გაუქმება ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას მოითხოვს და სამინისტროც დაინტერესებულია, რომ მსჯელობა მალე დაასრულოს.
უკვე ცნობილია, რომ სკოლის გამოცდებს წელს მე-11 კლასელები აღარ ჩააბარებენ.
“ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართულები და ვფიქრობთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე, ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით მივიღებთ.
ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი ინტერესიც არის ძალიან სწრაფად დავასრულოთ ეს ყველაფერი"-ამბობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.