ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურატურაში მისვლას და შალვა თადუმაძესთან შეხვედრას 6 თებერვალს გეგმავს.
შვილმოკლული მამა ამ დრომდე ითხოვს პასუხს კითხვაზე, თუ ვინ არის მისი შვილის მკვლელი. ზაზა სარალიძის თქმით, მან მიმართა მთავარ პროკურორს შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.
„გენერალურ პროკურორს, ბატონ თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა მასთან შეხვედრა. თუმცა სამწუხაროდ, იმათიდან არც უარი მიგვიღია და არც დასტური. 6 თებერვალს, დღის 12:00 საათზე მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია არ დაგვემალება და შეგვხვდება და ასევე გაგვცემს იმ კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს, რა კითხვებიც ამ ერთი წლის მანძილზე არის დაგროვილი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მთავარი პროკურორისგან ხორავას ქუჩის საქმეში არსებულ ყველა დეტალზე პასუხის მიღებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.
„ერთი წლის განმავლობაში დიდი მღელვარება მოჰყვა უშუალოდ ამ საქმეს და კონკრეტულად იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არის საგამოძიებო ორგანოებში. შ3ეგვიძლიათ ვახსენოთ თვითონ შვილმოკლული მამების მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა, როდესაც მათ სახელმწიფო არ აძლევდათ უფლებას, გაეშალათ დროებითი კონსტრუქცია - კარავი, წვიმაში, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა ერთი წლის წინ მოხდა, რა დროსაც ორი მოსწავლე გარდაიცვალა. ზაზა სარალიძე ერთი წელია ითხოვს შვილის მკვლელის დადგენას.