17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"ჩვენი საპატრიარქო გააკეთებს შესაბამის კომენტარს" - საქართველოს ხელისუფლების განცხადება რუსეთის მუქარის შემდეგ

24 საათი გავიდა მას შემდეგ რაც, მოსკოვმა ქართველი სასულიერო პირების დაშანტაჟება სცადა და პრაქტიკულად დაემუქრა, რომ თუ თბილისი უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, მაშინ მოსკოვი აფხაზეთთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინასთან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აქვს და შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია ყველაფერი დასრულდეს ისე, როგორც ეს უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. აბაშიძე ფიქრობს, რომ რუსი სასულიერო პირის გზავნილს, საქართველოს საპატრიარქომ თავად უნდა უპასუხოს.

"ჩვენი სიმპატიები უკრაინელი ხალხის მიმართ ცნობილია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობები სტრატეგიული მნიშვნელობისა და ნდობის ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ ყველაფერი დასრულდეს ისე, როგორც უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. უფრო დეტალურად ჩვენი საპატრიარქო გააკეთებს შესაბამის კომენტარს ამ საკითხზე,“ - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე. 

საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საპატრიარქოს მუქარას უპასუხოდ ტოვებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.

"მე რუსეთის საპატრიარქოსა და ეკლესიის წარმომადგენლის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიცია, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ჩვენ მივესალმებით ყველა ნაბიჯს, რაც დაკავშირებულია უკრაინის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისკენ,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები