17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
მეუღლის მკვლელობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლებული დედა, შვილების დასაბრუნებლად იბრძვის

პატიმრობიდან გათავისუფლებული დედა შვილების დასაბრუნებლად იბრძვის, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მას ბავშვებს არ უბრუნებენ. დაპირისპირებული მხარე პატარების მამის მშობლები არიან.

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული თურქან ქერიმოვას ადვოკატი ქერიმოვების ოჯახში ბავშვების წასაყვანად მივიდა. დაპირისპირება ადვოკატსა და ნაჯახით მოკლული რუსლან ქერიმოვის მშობლებს შორის მაშინ დაიწყო, როცა მან განაცხადა, რომ ბავშვები დედასთან უნდა წაეყვანა.

მოკლულის მშობლები შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული რძლისათვის ბავშვების დაბრუნებას არ აპირებენ.

თურქან ქერიმოვამ მეუღლე 2016 წელს მოკლა. სასამართლომ დადგინა, რომ ქალი დანაშაულის ჩადენისას აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.

ქერიმოვას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დედა ბავშვებს აუცილებლად წაიყვანს, რადგან მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ დაუტოვა.

ადვოკატის თქმით, ოჯახი, სადაც ახლა ბავშვები იმყოფებიან, მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც უკვე სამი წელია ბებია-ბაბუასთან იზრდებიან, ამბობენ რომ დედასთან დაბრუნება არ უნდათ.

მოკლული რუსლას ქერიმოვის ოჯახის ადვოკატი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებს, გეგმავს, დახმარება სოციალურ მუშაკებს სთხოვოს. ბავშვების ბედის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვა სწორედ მათ შეუძლიათ.

ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა თუქრან ქერიმოვა სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებით ბავშვების დაბრუნებას.

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.

დღის ამბები