17 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ერთ დღეში გაცემული ნებართვა და მწვანე შუქი ახალი კორპუსების აშენებას - ბაგებში მცხოვრები მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს  

ბაგებში, ერთ-ერთ ფერდზე, უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ 2 ახალი კორპუსი აშენდეს. საუბარია ფერდზე მდებარე კორპუსებზე, რომელთა გვერდით იგივე კომპანია ახალი კორპუსების მშენებლობას გეგმავს.  

იქნება თუ არა უსაფრთხო უკვე არსებული კორპუსებიდან რამდენიმე მეტრში ახალი, მასშტაბური მშენებლობის დაწყება - ეს კითხვა, ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს. როგორც "მეტრა პარკის" მობინადრეები ამბობენ, მოულოდნელად წამოწყებული მშენებლობით, კომპანიამ თითოეული მათგანი საფრთხის წინაშე დააყენა. 

ზედაპირული დათვალიერებითაც ჩანს, რომ ადგილობრივი ქანი არამდგრადია. მოსახლეობამ ტერიტორიის შესწავლა გეოლოგებს სთხოვა. კვლევის თანახმად, იქ ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია. 

თუმცა, კომპანიის დაკვეთით ჩატარებული გეოლოგიური კვლევა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. „მეტრა პარკის“ იურისტი მოსახლეობას ამშვიდებს და ახსენებს, რომ ეს ტერიტორია იმავე ფერდობის გაგრძელებაა, რომელზეც მთელი კომპლექსია გაშენებული. 

რამდენიმე წლის წინ მერიის სპეციალურმა საბჭომ ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალა. ერთი წლის შემდეგ იგივე აკრძალვა გაიმეორა. ბიუროკრატიულმა აპარატმა, საკითხის ხელახალი გადახედვა იმავე დღეს გადაწყვიტა და 2015 წლის 18 ივნისის კიდევ ერთი რეკომენდაცია გამოსცა და იმავე მიწის ნაკვეთზე, იგივე მშენებლობა დასაშვებად გამოაცხადა და ახალ კორპუსებსაც მწვანე შუქი აუნთო.  

საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და მშენებლობის შეჩერებას მოსახლეობა ახლა სასამართლოს ძალით ითხოვს. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები