დანაშაული, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში აღიარა - ე.წ. კაბელების საქმე ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეს, რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო, ის პირადად გაეცნო და დაადგინა, რომ ვიღაცამ მილიონები მიითვისა, მაგრამ ეს არ არიან ის ადამიანები, ვინც გამოძიებამ დააკავა, დამნაშავეს კი პასუხი არ უგია.
ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ ის გაეცნო ისეთ მასალებს, რომელზეც წვდომა ადვოკატებსაც კი მხოლოდ ნაწილობრივ, პროკურატურის შენობაში ჰქონდათ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას უკვე მოჰყვა ოპოზიციის შეფასება. ენმ-ში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ საქმეს გრიფი მოეხსნა, პარლამენტის თავმჯდომარის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
“პროკურატურის არგუმენტი არარელევანტურია, იმიტომ რომ მიუხედავად საიდუმლო გრიფის მოხსნია, სისხლის სამართლის საქმის ნახვის უფლება, გაცნობის უფლება საპროცესო კანონმდებლობით აქვს შეზღუდულ წრეს საპროცესო სუბიექტებისა. ეს ვერანაირად ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის პარტიული ფუნქციონერი. შესაბამისად, ეს განცხადება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურა ამით უნდა დაინტერესდეს და გამოძიებულ უნდა იქნეს საქმე, მაგრამ იმავდროულად, სხვა მხრივ არის საინტერესო ეს განცხადება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომ საქმეში არის აღმოჩენილი მტკიცებულებები, რომლებიც მილიონობით ლარის გაფლანგვას გულისხმობს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დასჯილი არავინ არ არის ამ საქმესთან დაკავშირებით და ვინ არის ის ადამიანი, ის თანამდებობის პირი, ვინც ეს მილიონები მოიპარა. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ის ფირმები, საუბარია სილქნეტზე, მასთან დაკავშირებულ ფარცხალაძესთან და ა.შ. და რატომ აფარებს ხელისუფლება აქამდე ამ სისხლის სამართლის საქმეს ხელს,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს "ევროპული საქართველოც." ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა მკაცრად რეგლამენტირებულია. ირაკლი აბესაძის განცხადებით, კობახიძე არის კერძო პირი და მას არ ჰქონდა უფლება გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
„სისხლის სამართლის მასალების გაცნობა ძალიან მკაცრად რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესების დარღვევა, თავისთავად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა. რა თქმა უნდა, კერძო პირს ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარტიულ თანამდებობას იკავებდა, არანაირი უფლებამოსილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ ჰქონდა გაცნობოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის მასალებს და მით უმეტეს, თუ ისინი შეიცავდნენ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას და ასეთს, რა თქმა უნდა, შეიცავდა ეს დოკუმენტაცია,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.