ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი კობახიძის განცხადებას მმართველი პარტია ეხმაურება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სავარაუდოდ იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც გასაიდუმლოებული არ იყო.
"დეტალურად ამ საქმის შესახებ ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები და თუ სწორად მახსოვს, ამ საქმეს ნაწილობრივ, მის ნაწილს ედო გრიფი. აქედან გამომდინარე დანარჩენი ნაწილი ტელევიზიის საშუალებითაც კი ხმოვანდებოდა გარკვეული დეტალები და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პარლამენტის თავმჯდომარესაც ჰქონდეს შესაბამის ინფორმაციასთან წვდომა და როგორც ჩანს, მან ამ ინფორამციაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რაც იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი კი ირაკლი კობახიძის განცხადებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე პარტიის გენერალურ მდივანს აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე და შესაბამისად ის, რომ საქმის კურსში იყოს გამოძების მიმდინარეობაზე, ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული ამაში ნამდვილად არ არის,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ირაკლი კობახიძემ განცხადება გუშინ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან ფაქტიურად აღიარა რომ გრიფით საიდუმლო მასალებს გაეცნო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეს რომელსაც გრიფით საიდუმლო ედო, ის პირადად გაეცნო და დაადგინა, რომ ვიღაცამ მილიონები მიითვისა, მაგრამ ეს არ არიან ის ადამიანები, ვინც გამოძიებამ დააკავა. დამნაშავეს კი პასუხი ამ დრომდე არ უგია.