ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც საცხოვრებელ სახლებს უმძიმეს პირობებში მყოფი ოჯახები, უკვე 7 წელია ელოდებიან, ტენდერი გამოცხადდა. ახალი სახლების აშენების დაპირება, "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებმა კიდევ ერთხელ მიიღეს.
პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა აშენებულიყო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მალე აშენდება და ყველა იქ მცხოვრების საქმეს ინდივიდუალურად შეისწავლიან.
„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და შეცვლის ასობით ადამიანის ყოფაცხოვრებას. მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და იქ მართლა ახალ სიცოცხლეს შეიძენს აღნიშნული დასახლება," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან ამბობენ, რომ კორპუსების მშენებლობასთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივმა მთავრობამ მათ დასაქმებაზე იზრუნოს.
„ჯერ კიდევ ზურაბ პატარაძის მუშაობის პერიოდში გვქონდა წინადადება წარდგენილი ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური სახლების მშენებლობას, იქ სამრეწველო ზოლის მშენებლობას, ამავე დროს იქ დასახლებული ოჯახების და ადამიანების გადამზადებას და გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები იცხოვრებდნენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში, ამასთან ერთად შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები, სადაც აქ დასახლებული ადამიანები დასაქმდებიან,“ - ამბობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე.