„გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული,"-ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა, ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.
ინიციატივას მხარს 8 დეპუტატი უჭერს, ესენი არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი.
"კონსტიტუციაში არის გარდამავალი დებულება, როცა პირველად გამწესების შემთხვევაში არის საშუალება იმისა, რომ სამი წლით დაინიშნოს გამოსაცდელი ვადა და ამის შემდეგ გადაწყდეს პიროვნების უვადოდ გამწესება. ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, წმინდა სამართლებრივ ჭრილში 2024 წლამდე ეს პროცესიც გადავავადოთ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე,“-აცხადებს ნარჩემაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს სამართლიანი გზით განვითარებისთვის.