დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში - რამდენიმე სპორტსმენი პრეზიდიუმის გამართვას არ მიესალმება. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის ჩატარებას კრიტიკულად აფასებს თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, გოჩა ჩორგოლიანი.
ის ამბობს, რომ პრეზიდიუმის სხდომა რეალური პრობლემების გადაჭრაზე არ იქნება ორიენტირებული და ყალბი შეხვედრა შედგება.
ჩორგოლიანი ამბობს, რომ გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მათთან სასულიერო პირი მივიდა პატრიარქის სახელით და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ჩორგოლიანი ამბობს, რომ მთავარია სამართლიანობა აღდგეს და კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი.
„პატრიარქის სახელით იყო სასულიერო პირი და მოგვიწოდა სიმშვიდისკენ და მე მადლობას ვუხდი იმ პირს. არანაირი ჩვენ არც სიმშვიდისკენ მოწოდება ჩვენ მხარეს არ სჭირდება. არ ვიყავი მე აგრესიულად განწყობილი ამ თემების მიმართ. თუნდაც კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა ვაგოთ, მათ შორის მეც. ყურით მოტანილ რაღაცეებს მაბრალებენ. პრეზიდიუმის ჩატარების აზრს ვერ ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდიუმი არის ყალბი ისეთივე, როგორც გეგა გეგეშიძე,“ - განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.
ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს მწვრთნელი, ზურაბ შელია. მისი თქმით, სამართალდამცავებს საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია უკვე მიაწოდა.
„შემეხმიანენ სამართალდამცავი ორგანოები, ეს საბუთები გადავეცი. მე თვითონ ჩემი წარმატებული სპორტსმენები მყავს და მე თვითონ დამყავს ჩემი ხარჯებით ამ სამედიცინო კვლევებს ვუტარებ და ჩემი გამოთვლით ის 30 ათასი ერთი პრემია, რომელიც მე წარმოვადგინე და დარიცხული იყო ვიღაც გაურკვეველ ადამიანზე, იმ 30 ათასით შესაძლებელი არის 150 სპორტსმენის წელიწადში ორჯერ გამოკვლევა,“ - აცხადებს ზურაბ შელია.
სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მწვრთნელმა, ზურაბ შელიამ ფედერაციიდან 25 დღის განმავლობაში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია გაახმაურა. მარტო ფალავანთა კლუბის თავკაცს თვის განმავლობაში 26 ათასლარიანი პრემია აქვს აღებული.