საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციაზე ქართული მხარე დიდ მხარდაჭერას ელის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნულ დოკუმენტზე ისაუბრა.
დავით ზალკალიანი რეზოლუციის მხარდამჭერს, კონგრესმენ ფრენსის რუნის პირადად შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კონგრესმენ რუნის მიერ ინიცირებულ დოკუმენტში სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებაა დაგმობილი. რეზოლუციაში ვრცლად არის განხილული რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსია და საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
რეზოლუციის სპონსორია „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ფრანცის რუნი. დოკუმენტს კიდევ ორი თანასპონსორი ჰყავს „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ პარტიებიდან.
ოფიციალური თბილისი კონგრესის მიერ რეზოლუციის საბოლოო დამტკიცებას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უპირობოდ უჭერს, ხელისუფლებაში თვლიან, რომ ყოველი ასეთი დოკუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ხელისუფლება რომ კარგად მუშაობს, დარწმუნებულები არ არიან ოპოზიციაში. იმას, რომ პუტინთან მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს დეოკუპაცია განხილვის საკითხი ვერ ხდება, ოპონენტები სწორედ მთავრობის არასაკმარის ძალისხმევას უკავშირებენ.
სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული რეზოლუცია კონგრესში 30 იანვარს შევიდა.