17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"პირველ რიგში, ბავშვს უნდა დაუჯერონ“ - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ 

ბავშვთა უფლებადამცველები არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ზრდაზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე მუშაობენ, ამბობენ, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობის დროს პასუხისმგებელი უწყებებია, არ არიან სათანადოდ მომზადებული. 

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა არგანაშვილის, შეფასებით, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო სტრუქტურები მზარდ არ არიან, გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხონ და ბავშვებისთვის ამ მხრივ უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ.

არგანაშვილი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ოჯახებმა, პირველ რიგში, ბავშვებს მოუსმინონ და დაუჯერონ, თუკი ისინი რაიმე პრობლემაზე საუბრობენ. 

„აბსოლუტურად მოძველებული საკანონმდებლო ბაზა გვაქვს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. ჩვენ რეესტრიც კი არ გაგვაჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული, რომელიც ბავშვის მიმართ სექსუალურ მოძალადეს მოახვედრებდა რაიმე სიაში და შეუზღუდავდა ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა. არ გვყავს ბავშვებზე სპეციალიზებული ისეთი გამომძიებლები და პოლიციელები, რომელთაც ბავშვთა სექსუალურ ძალადობაზე ექნებოდათ ადეკვატური ცოდნა და უნარები. იგივეს ვიტყოდი პროკურატურაზეც. სამწუხაროდ, სასამართლოც არ გამოირჩევა დიდი სენსიტიურობით ამ კუთხით. სამედიცინო პერსონალი გვყავს სრულიად მოუმზადებელი. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ბავშვები როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაც არ არის კარგად და მაგალითად, ვიღაც უცნობი არასწორ ადგილას შეეხო ან არასწორი ქმედება შესთავაზა, ჩვენ მათი არ გვჯერა. ეს არის უდიდესი პრობლემა. ოღონდ, არ მჯერა არა მარტო ოჯახებში, სპეციალისტებმაც კი არ იციან, რომ პირველ რიგში, ბავშვს უნდა დაუჯერონ,“ - განაცხადა ანა არგანაშვილმა. 

11 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში 63 წლის მამაკაცია დაკავებული. მას ბრალს უახლოეს საათებში სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით წაუყენებენ, რაც 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დაკავებული ადგილობრივი მაცხოვრებელია. ადგილობრივია ბიჭიც, რომელიც გარყვნილი ქმედების მსხვერპლი აღმოჩნდა.

 

დღის ამბები