17 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
სექსუალური ძალადობა 14 წლის შვილზე - ბავშვის დედა ოჯახის ტრაგედიაზე პირველად "კურიერთან" ალაპარაკდა 

შემაშფოთებელი სტატისტიკა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუპატიურებების შემთხვევები ქვეყანაში 63 პროცენტით გაიზარდა. ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 14 წლის გოგონას, რომელიც მამას სექსუალურ ძალადობაში ამხელდა, მანამ არ უჯერებდნენ, ვიდრე მშობელმა ძალადობდა თავად არ აღიარა.

მსხვერპლი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როდესაც სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად დედას უამბო.

პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ბავშვი აღწერს, როგორ აიძულებდა მშობელი ჯერ პორნოგრაფიული ვიდეოს ყურებას, შემდეგ გაშიშვლებას და ბოლოს მასზე სექსუალურად ძალადობდა.

არასრულწლოვანი ამის გამო სახლიდან 2-ჯერ გაიქცა.

ბავშვის დედა ოჯახის ტრაგედიაზე პირველად კურიერთან ალაპარაკდა.

ყვება, რომ არასრულწლოვან შვილს შეყვარებულთან ერთად ცხოვრება უნდოდა, რასაც მშობლები უკრძალავდნენ. ამიტომ თავიდან იფიქრეს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ ისტორია ბავშვმა გამოიგონა.

პირველი შეტყობინება პოლიციაში, რომ შესაძლოა, 38 წლის მამაკაცი საკუთარ შვილზე ძალადობდეს, 6 თვის წინ შევიდა. მამის დაკითხვის შედეგად კი დადასტურდა, რომ მამამ 13 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. აღიარებით ჩვენებაში დაკავებული მხოლოდ იმას უარყოფს, რომ მოზარდი არ გაუპატიურებია.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჩვენება პოლიციას მამის დაკითხვისთანავე ჰქონდა, ბრალდებული მხოლოდ 5 თვის შემდეგ დააკავეს. მანამდე კი ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა. ოჯახიდან მხოლოდ დაზარალებული გოგონა გაიყვანეს.

გოგონას პოლიციაში მამის წინააღდეგ სარჩელის შეტანა 18 წლის მეგობარმა ურჩია, რომელიც მსხვერპლის შეყვარებული იყო, სწორედ მასთან ერთად გაიქცა 14 წლის გოგონა კახეთში, საიდანაც ის სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ბრალდებული მამა ახლა პატიმრობაშია. მხარეები სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნას ელოდებიან, რითიც უნდა დადასტურდეს, რამდენად შერაცხადია 38 წლის მამაკაცი, რომელიც თავად აღიარებს, რომ შვილთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა.

მამა არ ყოფილა ერთადერთი, ვინც 13 წლის გოგონაზე ძალადობდა. მსხვერპლი ჩვენებაში ყვება, რომ სექსუალური კავშირი, ძალის გამოყენებით, მასთან კიდევ ერთმა სრულწლოვანმა მეზობელმა დაამყარა.

პოლიცია ახლა ამ გარემოებებს სწავლობს, თუმცა ახალგაზრდა ბიჭმა, ვისაც გოგონა ამხელს, საქართველო უკვე დატოვა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები