17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
ბარნოვი სასულიერო სემინარიის წინააღმდეგ - გათავისუფლებული ლექტორი ომბუდსმენისა და სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს

სასულიერო სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სემინარიის ლექტორი გოჩა ბარნოვი გათავისუფლებულია, თავად თეოლოგისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ბარნოვი ამბობს, რომ მას საკუთარ კრიტიკულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა და აზრის შეცვლა ურჩიეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდა, რომ შეჩერებულ სტატუსს არ აღუდგენდნენ.

მისივე განცხადებით, ის პოზიციას არ შეიცვლის, ღიად ისაუბრებს სასულიერო სემინარიაში არსებულ პრობლემებზე და უკან არ წაიღებს არც თავის განცხადებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. ბარნოვი არ გამორიცხავს სახალხო დამცველთან ერთად უფლებების დასაცავად სასამართლოსაც მიმართოს.  

„ამ გადაწყვეტილებით ცალსახად გამოჩნდა ერთი რამ, რასაც ვამბობდი, უბრალოდ მათ, როგორც ჩანს ძალიან არ ესიამოვნათ ის პრობლემები,რა პრობლემებიც მე ზოგადად სასულიერო აკადემიასთან მიმართებაში და სამეცნიერო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით დავწერე. რექტორი ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით მოითხოვდა პატიების თხოვნას , რაც რა თქმა უნდა ვერ მიიღო. მე რაც დავწერე ეს არის პრობლემები, რომელიც პრობლემებად რჩება, მათ მაის აღიარება არ უნდათ.  

არ გამოვრიცხავ, მივმართო სახალხო დამცველს და სასამართლოსაც, რომ დავიცვა ჩემი უფლებები,“-ამბობს გოჩა ბარნოვი.

სასულიერო სემინარიის და აკადემიის ლექტორი თემურ ბუაძე ეთანხმება გოჩა ბარნოვის განცხადებებს და ამბობს,რომ სემინარიაში გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდება. ბუაძის თქმით, სემინარიაში არ არის თავისუფალი გარემო. ამ სასწავლებელში არსებობს ტაბუები, რომელზეც საუბარი არ შეიძლება. 

სასულიერო აკადემიიდან გოჩა ბარნოვის გათავისუფლებას საბჭოს 30 წევრიდან 27-მა მხარი დაუჭირა, ხოლო სამი წინაღმდეგ წავიდა.

სასულიერო აკადემიის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თეოლოგის მიერ გაკეთებული საჯარო პოსტები და შემდგომი განცხადებები გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები