17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
„სასამართლო სისტემა ჩაფლულია კორუფციაში" - ოპოზიცია მოსამართლეთა არადეკლარირებულ ქონებაზე საუბრობს

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამის დამადასტურებელი შაბათის კურიერში გასული რეპორტაჟია, სადაც კარგად ჩანდა, რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ამ მოსამართლეებს თავად სახელმწიფო მფარველობს.

„სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება ჩაფლულია მთლიანად კორუფციაში და ეს მოსამართლეები, რომელთა ფეშენებელური სახლები ჩვენ ვიხილეთ გუშინ, სასამართლო სისტემას და ხელისუფლებასთან გარიგებას იყენებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ამ მოსამართლეებს და ამ უსინდისო კორუმპირებულ ადამიანებს ამ ყველაფერში ხელს უწყობს არანაკლებ კორუმპირებული ხელისუფლება, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი ახლა განსაკუთრებული არ მოხდა. განსაკუთრებული კი არა, ეს არის საგანგაშო ვითარება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველო კი მოსამართლეთა არადეკლარირებული ქონების სამართლებრივ შესწავლას ითხოვს.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, თუმცა, ოცნების პროკურატურის პირობებში ობიექტურის გამოძების შესაძლებლობა არ არსებობს.

„ცალსახად შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ბოროტება არის სასამართლო სისტემაში კორუფციის დაბრუნება. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ამ კორუფციაში ხშირ შემთხვევაში ჩართულია თავად სახელმწიფო და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაში იღებენ მოსამართლეები სხვადასხვა უკანონო ქონებას და უკანონო შემოსავლებს. არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ნორმალურ შემთხვევაში, სახელმწიფო დეტალურად უნდა იძიებდეს მოსამართლეების მიერ მსგავსი დაუსაბუთებელი ქონების შეძენის და მიღების ფაქტებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმედი გვქონდეს ქართული ოცნების პროკურატურის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები