მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, რომელიც ინსულტის ნიშნებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული, ადვოკატები უნდა შევიდნენ. უფლებადამცველები დეკანოზს პირადად რამდენიმე წუთში უნდა შეხვდნენ.
გიორგი ფანცულაიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ გაიგებენ.
„გავიგეთ, რომ გადაყვანილი იქნა ის ავერსის კლინიკაში. არც გადაყვანის ფაქტი არ უცნობებიათ ჩვენთვის და არც ის, თუ რისთვის გადაიყვანეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა მოსულები ვართ, რათა დეკანოზს შევხვდეთ და გავიგოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უფრო დეტალურად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე ვისაუბრებ, რაც მასთან მექნება შეხება, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელი მაგალითიც კმარა იმისათვის, რომ, როცა კეთდებოდა განცხადებები, რომ თითქოს უკეთესად იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირიქით, უფრო დამძიმებული მდგომარეობა დაგვხვდა და ის მარჯვენა მხარის კიდურებს თითქმის ვეღარ ამოძრავებს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
დამატებითი კვლევების ჩასატარებლად მამა გიორგი მამალაძე დღეს დილით ავერსის კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი სასულიერო პირი, ბადრაგის თანხლებით, ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს, სადაც ის ინსულტის ნიშნებით 2 დღის წინ მოათავსეს.