დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა დარწმუნებულია, რომ მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების ნება საპატრიარქოში არ არსებობდა.
რადიკალურად განსხვავებულია თორნიკე მამალაძის განცხადება მეუფე დანიელის კომენტარისგან, სადაც მეუფე ამბობდა, რომ პრეზიდენტთან ერთად ეკლესია მზად იყო, დეკანოზი მამალაძე შეეწყალებინა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.
როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, მან დღეს პირველად გაიგო მეუფე დანიელისგან, რომ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხი მთავრობამაც განიხილა. ის ფიქრობს, რომ საპატრიარქოს ახლა სურს გიორგი მარგველაშვილს გადააბრალოს, რომ დეკანოზი ისევ პატიმრობაშია.
"მე ვიცი, რომ პრეზიდენტი მზად იყო, შეწყალებისთვის. მე ისიც ვიცი, რომ მან კონსულტაციები გაიარა საპატრიარქოში. პირველად გავიგე, რომ მან მთავრობას მიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, იყო კონსულტაციები საპატრიარქოში. ეჭვი მაქვს საპატრიარქოდან დაიბლოკა ეს შეწყალების საკითხი. რადგანაც არაერთმა სასულიერო პირმა მითხრა, რომ ის იყო მოსული და პირადად ესაუბრა მის უწმინდესობასა, ვისგანაც, ჩემი აზრით, თანხმობა არ ყოფილა,“ - აცხადებს თორნიკე მამალაძე.