პარლამენტში ამ წუთებში იწყება ბიუროს სხდომა, სადაც დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივაზე და მათ მოთხოვნაზე, საპარლამენტო განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართოს.
ინიციატივა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს. თუმცა აქედანვე საეჭვოა, რომ უმრავლესობის ე.წ. ამბოხებულმა წევრებმა მათივე თანაგუნდელების მხარდაჭერა მიიღონ.
"ქართული ოცნების" წევრებმა არაერთხელ საჯაროდ დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ინიციატივის კონსტიტუციურობა. ამასთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არის, საკითხზე იმსჯელოს, თუმცა დაჩქარებულ ვადებში მისი განხილვა ვერ მოხდება.
„კომიტეტს აწყობილი გვაქვს ჩვენი სამუშაო გეგმა. თუმცა მიუხედავად ამისა, გამოვთქვი მზაობა საკითხებზე სამსჯელოდ წინასწარ. ასევე ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვა გვსურს გონივრულ ვადაში. რატომ უნდა გვინდოდეს ჩვენ კონკრეტული კანონპროექტის დროში გაჭიანურება, ეს არის აზრს მოკლებული,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს ზაქარია ქუცნაშვილს. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს.
„ვფიქრობ, რომ მიზანი ნათელია და გასაგებია, რაშიც მდგომარეობას. თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რაზეც მოგვიწევს ერთად მსჯელობა და მსჯელობა გვაჩვენებს, არგუმენტები გვაჩვენებს იმას, პროექტი საჭიროებს მხარდაჭერას თუ არ ითხოვს. იქ არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ჩვენ მოგვიწევს დამატებითი მსჯელობა. ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ ნაკლები ემოციები და მეტი რაციონალიზმი კანონშემოქმედებით საქმიანობაში. წინასწარი პოზიცია არ გამაჩნია, ანუ რომ აქტიური მხარდამჭერი ვიყო, ან აქტიური მოწინააღმდეგე,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.