მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმება შესაძლოა, შეეზღუდოთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ. ცვლილების მიხედვით, რომლის ინიციატორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების გარანტია არც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობა აღარ იქნებათ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ უწესებენ შეზღუდვებს მოქალაქეებს.
„ამ ეტაპზე, როდესაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შს სამინისტრო თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო მხოლოდ ყარაულში დგომისთვის იწვევს მოქალაქეებს სამსახურის ნაცვლად და იქ სამხედრო მომზადების კომპონენტი საერთოდ არ არსებობს. გაუგებარია, დამატებითი შეზღუდვები დავუწესოთ ადამიანებს,“ - აცხადებ "ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე.
თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ კერძო კომპანიებსაც კი დაუწესონ ის ვალდებულება, რომ სამხედრო სამსახურის გარეშე დასაქმების უფლება არ მისცეს.
„ამათგან ესეც არ გამიკვირდება, თავისთავად არაჰუმანურია, არალოგიკურია უშედეგოა ამგავრი ტიპის სავალდებულო სამსახური. მათი მოქმედებების ლოგიკაში ზის, კიდევ უფრო მეტი გამკაცრებისკენ უნდა წავიდნენ თუ ეს ამოცანა აქვთ, რომ ხელი მოკიდონ ახალგაზრდებს და რაღაც იძულებით გააკეთებინონ, რის გამოც შემდეგ ეზიზღებათ ამ ახალგაზრდებს ჯარიც, ქვეყანაც, სამშობლოც ყველაფერი,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.
”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გასაუქმებელია, რადგან ეს ჩვეულებრივი მონობაა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი