21 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
"არ უნდა მივცეთ მოსამართლეთა კლანს სასამართლო სისტემის უზურპირების უფლება" - ენმ ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერს

"არ უნდა მივცეთ მოსამართლეთა კლანს სასამართლო სისტემის საბოლოოდ მონოპოლიზებისა თუ უზურპირების უფლება," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

​გოცირიძის განცხადებით, ახლა ყველასათვის მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ სასამართლო სისტემის ირგვლივ გაჩენილი პრობლემები და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხია. 

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ისინი ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლე უვადოდ გამწესების ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს აუცილებლად დაუჭერენ.

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ინიციატივა და ეს არის უმრავლესობის ერთი ნაწილის ინიციატივა, ჩვენ მას დავუჭერთ აუცილებლად მხარს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

იურიდიული კომიტეტის დაძაბული სხდომის გათვალისწინებით, კანონპროექტი უმრავლესობის უმრავლესობისგან მხარდაჭერას, სავარაუდოდ, ვერც სესიაზე მოიპოვებს, რის შემდეგაც ინიციატივის ავტორები საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

დღის ამბები