ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ თუ ამერიკას პარტნიორ საქართველოსთან ურთიერთობის გამყარება სურს, ამას წინ არაფერი უდგას, შტატებს კი ამ მიმართულებით ნაბიჯები გაცილებით ადრეც უნდა გადაედგა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი, არის მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას შეეწყოს ხელი.
"საქართველო დიდი ხანია ითხოვდა როგორც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ა.შ. ეს ყველაფერი ამ ათეული წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებადი იყო. დღეს ამ თემაზე საუბარი, თან ცოტა არ იყოს და შანტაჟის ენით, არის ჩემი აზრით, მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას შეეწყოს ხელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველო არ ცვლის არანაირად თავის გეოპოლიტიკურ ორიენტირს. თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს სტრატეგიული იქნება თუ ევროკავშირის მიმართულებით, უნდათ მეტი საქართველოსთან ურთიერთობაში, ეს არის ძირითადად დამოკიდებული სწორედ იმ აღქმების უგულებელყოფაზე, რომელსაც რადიკალური პარტიები, რადიკალური ენჯეოები და მათი ლობისტები ამკვიდრებენ. ახლა ოპოზიცია შეეცდება რომ ეს ერთი კონგრესმენის ინიციატივა გაასაღოს უკვე როგორც შემდგარი ფაქტი და თითქოს, საქართველოსთვის ეს შემდგარი მოცემულობა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული პოლიტ ტექნოლოგიის გამოვლინება, როდესაც ხდება გარკვეული ინფორმაციის ჩაშვება იმისათვის, რომ რომელიღაც მხარემ ეს ინფორმაცია შემდეგ თავის ინტერესებისათვის ხშირ შემთხვევაში, სპეკულაციურად გამოიყენოს,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".