პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი „თიბისი ბანკის“ საქმის საკანონმდებლო ორგანოს განხილვის მომხრეა. დეპუტატის განმარტებით, ვინაიდან საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, კარგი იქნება თუ კანონმდებლები მამუკა ხაზარაძისგან ამომწურავ ინფორმაცია მიიღონ.
„რა შეიძლება გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, რომ მოვუსმინოთ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი საქმეა, ფაქტია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს. გამოძიება როგორ წარიმართება, ამაზე გავლენას ეს შეხვედრა ვერ მოახდენს, მაგრამ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრები იყვნენ ინფორმირებული, შესაძლებელია, ეს ცუდი არ იყოს, ამიტომ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, თუ დეპუტატთა ნაწილს უზიარებენ ისინი ინფორმაციას, მაშინ სასურველი იქნებოდა, რომ მეორე ნაწილსაც ეს ინფორმაცია ჰქონდეს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ საკითხთა დაკავშირებით პარლამენტის ვიცესპიკერისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ ეტაპზე საქმე პროკურატურაშია, რადგან ბანკის საქმეზე ე.წ. ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით სამართლებრივი კითხვები არსებობს. მისი განმარტებით, საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ თუ რაიმე სახის კითხვა დარჩება, ამის შემდეგ ჩაერთვება პარლამენტი.
თიბისის დამფუძნებლებთან შეხვედრას ასევე მიესალმება საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია.
„ცხადია, ორივე მხარის არგუმენტირებული მოსმენა გინდა და ამ თემასთან დაკავშირებით, ამ წუთას მზად არ ვარ. იდეა მისაღები არის და აუცილებელიც არის, მაგრამ როდის, ალბათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის გვექნება ჩვენ უფრო მყარი ინფორმაცია პროკურატურის მხრიდან,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.