შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონო შემოტანის, შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავა.
გამოძიებამ ერთი კილოგრამი კოკაინი დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება მათ ბრაზილიიდან შემოჰქონდათ.
ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ აღნიშნული შემთხვევის გარდა, მიმდინარე წელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სტატისტიკაზეც ისაუბრა.
„მიმდინარე წელს შსს-ის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 10 კილოგრამი ჰეროინი, 1 კგ და 200 გრამი კოკაინი, 650 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 1000 აბზე მეტი ექსტაზი, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატებია ამოღებული,“ - აღნიშნა ჭელიძემ.