თბილისში ივნისში ლგბტ პრაიდია დაგეგმილი. ორგანიზატორები, რომლებიც თბილისში პრაიდს გეგმავენ, უფლებადამცველები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ლგბტ თემის უფლებების და არა მხოლოდ მათი უფლებების დასაცავად მუშაობენ.
50-მდე მოხალისე ადამიანს ღონისძიებები ივნისში თბილისში აქვს დაგეგმილი. ერთ-ერთი ღონისძიება იქნება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას შეეხება. ასევე, მათი თქმით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ღირსების მარშის გამართვა აქვთ დაგეგმილი.
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დღეს და რა ადგილას დავაპირებთ ქუჩაში გასვლას. იმ დღისთვის და იმ ადგილისთვის ხდება ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვიკრძალავენ საქართველოში მცხოვრებ ერთ სოციალურ ჯგუფს, რომელიც ბოლო კვლევების მიხედვით, მინიმუმ, მოქალაქეების 10%-ია, ეკრძალება საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი,“ - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
პრაიდის ორგანიზატორები ღონისძიებაზე დასწრებისთვის აქტივისტებს სხვა ქვეყნებიდანაც ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ ეს არ იქნება საზეიმო აქცია, იქნება პოლიტიკური მშვიდობიანი პროტესტი.
„ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აქტივისტები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ასევე. ასევე, ველოდებით დასავლეთიდან პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩამოვლენ უშუალოდ ამ ღონისძიებაზე და დარჩებიან შემდეგ მსვლელობაზეც. ჩვენ გვინდა, რომ, ასევე ევროპის პარლამენტიდან მოვიწვიოთ ის დეპუტატები, რომლებიც მუშაობენ უმცირესობის უფლებებზე. აქცია თავის შინაარსით არ იქნება საზეიმო, ჩვენ არ გვეზეიმება საქართველოში, ეს არ იქნება რაღაც ტანგიანი ან ფუშფუშა ფერადი ნივთებით ადამიანები, რომლებიც ჩამოიცეკვებენ რუსთაველზე ან ქაშუეთთან. ეს იქნება პოლიტიკური პროტესტი, ისეთი პროტესტი, როგორიც აქამდე არა ერთხელ ყოფილა რუსთაველის გამზირზე,“ - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.