გაფართოებული დახურული შეხვედრა, სადაც მოსამარლეთა კანდიდატების შერჩევის წესებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორის წევრები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ.
სასამართლო სისტემის წევრები, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე და მისი დაჯგუფება უჭერს მხარს, მთელი დაძაბული დღის განმავლობაში მისი კაბინეტიდან ადევნებდნენ თვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს.
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მოსამართლეების საქმე პოლიტიკა არ არის და პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან. მისი თქმით, მოსამართლეები ემორჩილებიან მხოლოდ იმ წესებს, რომლებსაც მათთვის ადგენენ პოლიტიკოსები.
„მომხრე ვარ რეალურად, რომ მიეცეს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებით ჯერ საბუთების შეტანა, ყველას ვისაც აქვს სურვილი შემოიტანოს და მოხდეს ღიად გასაუბრება იმ კანდიდატებთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ უზენაეს სასამართლოში იქნეს წარდგენილი... პოლიტიკურ პროცესს, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, მე ამ პოლიტიკურ პროცესში ჩემს კომენტარს ვერ გამოვთქვამ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ რეალურად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, ეს არის ყველა თანამედროვე ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გარანტია, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.