სისხლიანი გარჩევა ვერცხლის ქუჩაზე - ამ წუთებში დაკავებული პირების მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია.
ზაზა სიხარულიძეს გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას ედავება. ლაშა სიხარულიძეს მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. ძებნაშია ერთი პირი. „კურიერის“ ინფორმაციით, ის ალექსანდრე ბიძინაშვილია.
საქმის მასალების გაცნობამდე ზაზა სიხარულიძე დუმილის უფლებას იყენებს. ლაშა სიხარულიძის ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმის მასალებს შორის არ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ლაშა სიხარულიძემ ბესო ბიძინაშვილი დაჭრა. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ამოღებული არ არის იარაღი, რომლითაც ბიძინაშვილი დაჭრეს. ლაშა სიხარულიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„არ ცნობს დამნაშავედ არც მკვლელობის მცდელობის ნაწილში, არც იარაღის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი არ ყოფილა ამოღებული, არც მისი პირადი და არც საცხოვრებელის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგო ნივთი, როგორიც არის იარაღი, არ ყოფილა ამოღებული,“ - ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.