თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს და გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
ხიდაშელის შეფასებით, ბოლოს განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუნდზე კონტროლი დაკარგა.
რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრის წასვლას, მათ შორის, ეკა ბესელიას, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი დეპუტატებმა მხოლოდ იმიტომ გადადგეს, რომ იციან, მომდევნო არჩევნებზე მათი ადგილი გუნდში მაინც აღარ იქნება.
„ივანიშვილმა აბსოლუტურად დაკარგა კონტროლი საკუთარ გუნდზე. ისინი ერთი გუნდი არც არასდროს არ ყოფილან, უბრალოდ, ერთნაირად აძლევდნენ ხოლმე ხმას. დღეს იმ ფონზე, როდესაც მათ ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ 2020-ში იმ გუნდში ყოფნა აღარ ემუქრებათ, შესაბამისად, ვეღარც ხედავენ იმის აზრს, რატომ უნდა დააჭირონ ხელი პულტზე ისე, როგორც უფროსი მოითხოვს მათგან. აქ რაღაც მაღალ ღირებულებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობამ შეაწუხათ და ასეთ რამეებზე საუბარი, უბრალოდ, სასაცილოა. იმიტომ, რომ შეუძლებელია, დღეს დილით სასამართლოზე ძალადობა მოგწონდეს და ხვალ დილით უცებ სასამართლოსთვის მოამაგე ადამიანად გადაიქცე,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.