„აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ასეთი კრიზისი დადგა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
გიგა ბოკერია განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისი გარდაუვალი იყო, რადგან მათ აერთიანებთ მხოლოდ ძალაუფლების სურვილი და არა საერთო ღირებულებები.
ბოკერია ამბობს, რომ „ოცნების“ დაშლის პროცესი დაიწყო, რაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლით უნდა დასრულდეს.
„ივანიშვილის გუნდში, სადაც ამ ადამიანებს არც ღირებულებები, არც შეხედულებები არ აერთიანებთ და მხოლოდ ძალაუფლებაში ყოფნის და საკუთარი გავლენის ზრდის სურვილი ჰქონდათ, ჯამში, შეიძლება თითოეულს არ ეხება, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ვითარება იყო, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ასეთი კრიზისი დადგა, მით უმეტეს, როდესაც იზრდება საზოგადოების უკმაყოფილება და იმ სამარცხვინო არჩენების, განსაკუთრებით, მეორე ტურის შემდეგ, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ. ეს ლოგიკური და ბუნებრივი პროცესი არის, ჩვენი ამოცანა, საზოგადოების, ამ ვითარებაში, როცა იწყება საბოლოო დაშლის პროცესი ამ გუნდის, არის, რომ ვიყოთ მზად დემოკრატიული არჩევნების გზით ივანიშვილის და ამ გუნდის მთლიანად ჩანაცვლებისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ეკა ბესელიამ, რომელმაც წასვლის მთავარ მიზეზებად მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა დაასახელა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა.
ამასთან ერთად, ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის კანონპროექტის ჩაგდების გამოც მწვავედ გააკრიტიკა, რაც წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.
ბესელიას გარდა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმაც.