პროტესტი ბაღის დახურვის საფრთხის გამო - ახმეტაში მშობლებმა შესაძლოა, პატარების ბაღში მიყვანაზე საერთოდ უარი თქვან. ისინი ახმეტის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, მე-3 ბაღი სულ მალე უნდა დაიხუროს და მე-2 ბაღს შეუერთდეს.
ბაღის დახურვის მიზეზად მერიაში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებენ, რომლის მოსაგვარებლადაც, მათი თქმით, თვითმმართველობას ფინანსური სახსრები არ აქვს.
მშობლები ნომერ მესამე ბაღის დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ეს ხელოვნურად ხდება.
ოპოზიციის წამომადგენლები გადაწყვეტილებას ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის კერძო ბიზნესინტერესებს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ მას მე-3 ბაღის ადგილას სასტუმროს გახსნა უნდა. ქეთევან მარჩილაშვილი კი ამ ვარაუდს კატეგორიულად უარყოფს.
ოპოზიციის წევრები ასევე ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას #3 ბაღის შენობის გასარემონტებლად ხარჯთაღრიცხვა საერთოდ არ შეუდგენია და არც იცის, რა თანხაა საჭირო მის გასარემონტებლად.
ბაღის დახურვით პრობლემები შესაძლოა, დასაქმებულებსაც შეექმნათ, რასაც ბაღების გაერთიანებაშიც არ გამორიცხავენ.
ბაღების გაერთიანების საკითხზე ახმეტაში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელსაც მერის მოადგილე ხელმძღვანელობს. კომისია შეხვედრებს მართავს პედაგოგებსა და მშობლებთან, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. მე-3 ბაღის დირექტორი კი ასეთ შეხვედრებს უარყოფს.
სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახმეტაში მასშტაბური პროექტები ხორციელდება და #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის თანხები ვერ გამოინახა.
მესამე ბაღის დახურვის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
ავტორი: ია გულიაშვილი.