საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე იმ დეპუტატებს აკრიტიკებს, რომლებიც მმართველი გუნდიდან გავიდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ როდესაც გაქვს განსხვავებული აზრი ის ჯერ ოჯახში უნდა განიხილო და შემდეგ დადგე ტელეკამერებთან.
არველაძის თქმით, მიუხედავად მცდელობისა ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, მმართველი გუნდის წევრებს კონკრეტულ საკითხებზე ერთი აზრი ჰქონოდათ.
„ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს და ცდილობდა, რომ დაერეგულირებინა. მაგრამ საბჭოთა პერიოდის არ იყოს უთოთი ხომ არ გაუსწორებს ყველას ტვინს ერთნაირად, რომ ერთნაირად ფიქრობდეს. ე.ი. არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დაუყენო საკითხი თავის აზრზე რჩებიან. როდესაც გაქვს განსხვავებული რაღაცა ის ჯერ უნდა განიხილო შენ ოჯახში და მერე უნდა დადგე ტელევიზორების წინ. კიდევ ერთხელ გეუბნებით მეც მქონდა განსხვავებული აზრი მეც მივეცი ხმა იმ კანონპროექტს ხმა რომელიც გამოიტანა ეკა ბესელიამ, მაგრამ შევხვდით კი ბატონო მაგრამ მაგ საკითხზე საერთოდ არ გვქონია ლაპარაკი,“-განაცხადა რევაზ არველაძემ.
კოლეგებისგან განსხვავებით რევაზ არველაძე არ ადასტურებს, რომ პარასკევს ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ეკა ბესელიას ინიციატივას შეეხო, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას გულისხმობს.