TBC ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეხმაურება. კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
“ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საკითხს, რომელიც TBC ბანკს უკავშირდება, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. რადგან, როგორც ვიცით, TBC არის სისტემური ბანკი, ის არის მნიშვნელოვანი ქართული საბანკო სექტორისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის მიკრო საფინანსო სტაბილურობისთვის. ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენებიდან, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა, რადგან საქმეს, რა თქმა უნდა, ინვესტორებიც აკვირდებიან და ისინი გარკვეულ გადაწყვეტილებებს ფაქტების საფუძველზე მიიღებენ,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა. ლაპარაკია პროკურატურის მიერ 11 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.
საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თიბისი ბანკმა სებ-ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი