სახალხო დამცველმა ჰაერის დაბინძურების შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების სათანადო მონიტორინგი და არ ხდება მისი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ იმ სადგურების რაოდენობა, რომლებიც ჰაერის დაბინძურებას ზომავენ, ქვეყანაში საკმარისი არ არის. 6 ქალაქში სულ 10 ასეთი სადგური ფუნქციონირებს.
ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლიდან ტექდათვალიერების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად არ შეამცირა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ირკვევა, რომ ამ მხრივ მთავარი გამოწვევა მოძველებული ავტოპარკია.
„სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღემდე საქართველოში ვერ ხდება ჰაერის დაბინძურების სრულყოფილი და სრულფასოვანი კონტროლი. მხოლოდ ექვს ქალაქში ხდება კონტროლი ათი სადგურის მეშვეობით, რაც ნამდვილად ვერ ასახავს იმ რეალურ სურათს, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს,“ - აღნიშნავს ლომჯარია.
გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნოე მეგრელიშვილი, კი ატმოსფერული ჰაერის შეფასების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებაზე საუბრობს.
„მონიტორინგის ქსელი ატმოსფერული ჰაერის შეფასების ყოველწლიურად უმჯობესდება. დღეს თბილისში გვაქვს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რაოდენობის სადგურები, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უფრო მეტი იყოს და ამ კუთხით მომავალ წელს იგეგმება ხუთი ახალი სადგურის დამატება ქსელზე,“ - აცხადებს მეგრელიშვილი.