დეკანოზ ოჯახის წევრების მოთხოვნას, რომელიც მამა გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქმა პრეზიდენტთან შუამდგომლობა გაწიოს, საპატრიარქოში პასუხობენ.
დეკანოზმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საპატრიარქო იმ პატიმრების შეწყალებაზე შუამდგომლობს, რომლებიც შენდობას ითხოვენ.
„სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდის თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის საშუალებად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას და გამყარებას. რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავის დანაშაულის წილს აღიარებენ და ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელი არის,“ - განაცხადა მამა ანრია ჯაღმაიძემ.
მამა ანდრიას თქმით, დეკანოზ ოჯახის წევრების მოთხოვნა, რომ პატრიარქმა პრეზიდენტთან მამა გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით იშუამდგომლოს, არალოგიკურია და ეჭვებს ბადებს.
საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზის ოჯახის წევრები ე.წ. ციანიდის საქმეს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იყენებენ.
„აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად, ფონად მუდამ გასდევს ცილისწამება, დეზინფორმაცია და მუქარა. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ გაშლილ კარავს და ეს ხდება იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომლისგანაც ითხოვენ შუამდგომლობის დაყენებას. ეს ერთი შეხედვით არალოგიკური მოქმედება ბადებს ბუნებრივ ეჭვებს, რომ ხომ არ არის ეს სრულიად ლოგიკური და მიზანმიმართული ხასიათის და ადვოკატიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად,“ - ამბობს ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, ამ კამპანიაში დეკანოზის ოჯახის წევრებთან ერთად ის ადამიანებიც არიან ჩართული, ვინც ეკლესიას მუდმივად უპირისპირდება.
საპატრიარქოში დეკანოზ მამალაძის წერილსაც ეხმაურებიან, სადაც დაკავებული მამაო ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე წერს. საპატრიარქოში ამ წერილის გამო დეკანოზს შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საპატრიარქო მათ შუამდგომლობს, ვინც შენდობას ითხოვს. სწორედ ამიტომ, მამა ანდრია დეკანოზს ამ წერილის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ.
„შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ მღვდელმთავრებისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც სკანდალურს უწოდებენ, პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც, სჯობს, გამოაქვეყნოს, რათაც ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს შთაბეჭდილება იმისა, თითქოს ჩვენი მხრიდან მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს. ასევე, მიგვაჩნია, რომ სასურველია გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა, მითუმეტეს, რომ მართალია, ძიების პროცესში საპატრიარქო არ წარმოადგენდა მხარეს, მაგრამ შემდგომი მოვლენები უშუალოდ დაუკავშირდა მას. იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და გამონაკლისის სახით ამ ნაბიჯს გადადგამენ,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.