"თიბისი" ბანკის საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს. ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამეტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ გააკეთეს.
"ევროპული საქართველს" ლიდერი, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ "თიბისი" ბანკის საქმე არ არის დავა მარეგულიერებელსა და კერძო ბანკს შორის. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური საქმე.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად პასუხი გაეცა დეპუტატების და საზოგადოების კითხვებისთვის. და მეორე და მთავარი, ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე. ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობამ ნებით თუ უნებლიეთ და აშკარად განზრახვით აიღო პასუხისმგებლობა თიბისი ბანკის საქმეზე და აიღო პასუხისმგებლობა იმაზე და ნათლად გამოაჩინა, რომ თიბისის საქმე ეს არ არის დავა მარეგულირებელს და ბანკს შორის. თიბისის საქმე ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს არის საქმე რომელსაც გააჩნია მკაფიო განზომილება. და უმრავლესობის მთელი ქცევა, მათშორის ზეწოლა, მათშორის კომიტეტის ჩაშლა, მათშორის ის ინიციატივები და იდეები რომლითაც ისინი გამოდიოდნენ ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დღეს უმრავლესობის მიზანი იყო სხდომა ჩაშლილიყო,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს გიგა ბოკერიაც. "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებმა დაადასტურეს, რომ მოქმედებენ ივანიშვილის დაკვეთით.
„ეს პოლიტიკური დაკვეთა მოდის ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშივილისგან. იმიტომ, რომ მხოლოდ მას აქვს ძალაუფლება. მან გახსნა ეს სეზონი და ბოლომდე მიყავს საქმე ისე, რომ ბოლომდე სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს იმ ინსტრუმენტებს რომელსაც იყენებს. დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტით, გაგრძელებული უმრავლესობის წევრებით. როლებმაც პირდაპირ გვითხრეს რომ არ უნდათ რომ მკაფიოდ გამოჩნდეს როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით ერთ ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის და მისი მმართველობის წინააღმდეგ,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა. სხდომაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა არც თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.