"თიბისი" ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
რომან გოცირიძის განცხადებით, დღევანდელმა სხდომა აჩვენა, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურას მართავს ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ტყვეა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფოში უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან ფაქტობრივად პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს ნდობა საზოგადოების წინაშე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები რომან კაკულიასთან, რომელმაც საბოლოოდ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.