17 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
"თუ ვიქნებოდი მორჩილი, რა შემიქმნიდა პრობლემას და ვინ დამემუქრებოდა?" - ეკა ბესელია

მოსამართლეების თემა, რომელიც წყალგამყოფი გახდა მმართველ გუნდსა და ეკა ბესელიას შორის - იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების იმ ნაწილს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ ეკა ბესელიამ მოსამართლეების თემა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური თამაში იყო.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ეს "უარგუმენტო ვერსიაა".

„ეს ისეთი ვერსიაა, რომელსაც არაფერი არ ამაგრებს. თუ დასაყრდენი ვიყავი ამ პარტიის, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევქმენი, რამ შემიშალა ხელი, რომ მქონოდა მყარი პოზიციები? ვინ მაიძულა, დამეტოვებინა თანამდებობა, თუ ვიქნებოდი მორჩილი და არ მექნებოდა რეფლექსები ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა? რა შემიქმნიდა პრობლემას და ვინ დამემუქრებოდა, რატომ უნდა მქონოდა რაიმე პრობლემა, თუ მე თვითონ ჩემი პოზიციით არ გავხდი ვიღაცისთვის პრობლემური,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამჯერად უკვე უპარტიო დეპუტატი აცხადებს, რომ მას არასდროს დავიწყებია ის პრობლემები, რომლებიც სასამართლოში იყო. ამასთან, ამბობს, რომ ის შიდა საუბრებში ამ საკითხებს ყოველთვის აპროტესტებდა და ამ თემებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილთანაც.

„შიგნით თუ რამე ეტაპი უნდა გამევლო, დიალოგის, დარწმუნების, გარკვევის, პოზიციის შეცვლის, ყველაფერი ვცადე. ყველა რესურსი ამოვწურე შიგნით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ეკა ბესელია ოპონენტების კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომ ის შექმნის ფსევდო ოპოზიციას. ის ამბობს, რომ ამას დრო  და მისი ქმედებები აჩვენებს. 

„ჩემი მართვა არის შეუძლებელი. მე ვერავინ, ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მაიძულებს, თუ არ მწამს, რომ იმ გზაზე ვიარო. ვისაც  უნდა ჩემი შემოწმება იმით, თუ მე რამდენჯერ ვახსენებ აუგად ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, წინასწარ გეუბნებით, რომ მე ამას არ ვაპირებ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები